ინტერნეტის ფრაგმენტაცია შავი ზღვის რეგიონში: რა წარვადგინეთ ICANN-ის მიერ დაფინანსებულ ბრიფინგზე

2026 წლის 18 სექტემბერს, სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციამ (SCSA) ჩაატარა ვირტუალური ბრიფინგი ინტერნეტ–პროვაიდერებისთვის, სამთავრობო და მარეგულირებელი ორგანოებისთვის, ასევე შავი ზღვის აუზში მომუშავე საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებისთვის. ეს გახლავთ ინტერნეტის ფრაგმენტაციის საკითხზე მომზადებული პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც, ამავდროულად, რეგიონში ICANN-ის მიერ დაფინანსებული პირველი პროექტია. პროექტის მიზანია შავი ზღვის რეგიონში ფრაგმენტაციის პროცესის, ძირითადი ტენდენციების, გამოწვევებისა და ინტერნეტ–კავშირსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მისი გავლენის ანალიზი, ასევე არსებულ გამოწვევებთან გამკლავებისათვის პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება. პროექტის შედეგები, მათ შორის მათემატიკური მოდელები და ანალიტიკური ჩარჩოები (frameworks), შესაძლებელია განზოგადდეს და მასშტაბირდეს გლობალურ კონტექსტზეც.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო მიმდინარე კვლევისის შედეგები, რომელიც ICANN-ის დაფინანსებით ხორციელდება და ეხება რეგიონში ინტერნეტის ფრაგმენტაციას — მის ტექნიკურ, პოლიტიკურ–სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციო–კულტურულ განზომილებებს, მის მიღმა არსებულ ინფრასტრუქტურულ რისკებსა და ნაბიჯებს, რომლებიც რეგიონის დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ გადადგან.

ინტერნეტის ფრაგმენტაციის ოთხი ფორმა

ფრაგმენტაცია არ არის ერთი კონკრეტული პრობლემა – ის ოთხი სხვადასხვა მიმართულებისგან შედგება და ისინი სინქრონულად არ ვითარდებიან. ჩვენი ჩარჩო–მოდელი, რომელიც დენარდისის (2014) და მიულერის (2017) ნაშრომებს ეფუძნება, აანალიზებს:

  • ტექნიკურს — არასტაბილურ DNS ქცევას, მარშრუტიზაციის (routing) მანიპულაციებსა და ქსელური სტანდარტების აცდენას
  • პოლიტიკურ/სამართლებრივს — რეგულაციებს, ცენზურასა და მონაცემთა ლოკალიზაციის კანონებს
  • ეკონომიკურ/საბაზროს — ISP მონოპოლიებს, ინფრასტრუქტურულ ასიმეტრიასა და სანქციებს
  • სოციო–კულტურულს — ენობრივ ბარიერებსა და პლატფორმების ფრაგმენტაციას საინფორმაციო ეკოსისტემებში

 

ჩვენ თითოეული განზომილება შევაფასეთ რვა ქვეყანაში — საქართველო, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი — ფრაგმენტაციის კომპოზიტური ინდექსის (Composite Fragmentation Index) გამოყენებით. ეს ინდექსი შეიქმნა დოკუმენტების ანალიზის, რაოდენობრივი ინდიკატორების (RIPE Atlas, OONI, IODA, ITU, Freedom House), პროვაიდერებთან და მარეგულირებლებთან ჩატარებული ექსპერტული ინტერვიუებისა და მედია/დისკურსის ანალიზის საფუძველზე.

რა გვითხრეს რეგიონის ოპერატორებმა და მარეგულირებლებმა

ჩვენი ინტერვიუებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი ციფრი გამოიკვეთა:

  • 66.7% — ინტერნეტ–პროვაიდერების (ISP) ამდენი პროცენტი ფრაგმენტაციის მთავარ მიზეზად სამთავრობო რეგულაციებსა და ცენზურას ასახელებს
  • 86% — საჯარო სექტორისა და მარეგულირებლების წარმომადგენელთა ამდენი პროცენტი მთავარ ფაქტორად ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას მიიჩნევს
  • 72% — საჯარო სექტორის წარმომადგენელთა ამდენ პროცენტს ეჭვი ეპარება ან არ არის დარწმუნებული, მიმდინარეობს თუ არა საერთოდ ფრაგმენტაცია მათ საკუთარ ქვეყანაში
  • 100% — სრულად უჭერს მხარს სექტორთაშორისი დიალოგის გაძლიერებას


ეს
უკანასკნელი მაჩვენებელი არის ის, რაც მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია — არ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დისკუსია აუცილებელია, იმ პირობებშიც კი, როდესაც თავად პრობლემის გარშემო გარკვეული გაურკვევლობა რჩება.

ინფრასტრუქტურული რისკი, რომელიც ამ ყველაფრის საფუძველია

მონაცემები შავ ზღვას მცირე რაოდენობის წყალქვეშა კაბელებისა და საკაბელო სადგურების (landing stations) საშუალებით კვეთს — ფოთი, ანაკლია, ვარნა, კონსტანცა, სინოპი, ნოვოროსიისკი და სოჭი — და თითოეული მათგანი მწყობრიდან გამოსვლის კრიტიკულ წერტილს (single point of failure) წარმოადგენს. ამ ინფრასტრუქტურაზე დაყრდნობით ჩვენ შევიმუშავეთ და გავაანალიზეთ შეფერხების/გამოთიშვის სამი სცენარი:

  • SCN-01 – კინეტიკური კონფლიქტი და კაბელების საბოტაჟი: საზღვაო ნაღმები ან ჰიბრიდული ომის ელემენტები, რომლებიც ტრაფიკს იძულებით მიმართავენ რუსეთის ან ირანის გავლით. ამ დროს აღდგენას შესაძლოა თვეები დასჭირდეს სარემონტო გემების შეზღუდული წვდომის გამო.
  • SCN-02 – საკაბელო სადგურების კიბერ–კოლაფსი: კოორდინირებული შეტევა სადგურების მართვის სისტემებზე, რაც კაბელებს დაუზიანებლად ტოვებს, თუმცა ახდენს BGP მარშრუტიზაციის მიტაცებას – მათ შორის საქართველო–ბულგარეთის რეალურ, აქტიურ საკაბელო მარშრუტზე.
  • SCN-03 – სეისმური და ეკოლოგიური შეფერხება: მიწისძვრა ანატოლიის ან კავკასიონის ტექტონიკური რღვევების გასწვრივ, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს შავი ზღვის ფსკერის ანოქსიური (ჟანგბადისგან დაცლილი) ქიმიური გარემო.


ფიზიკურ
რისკებს ემატება სამართლებრივიც: UNCLOS-ი იძლევა ღია ზღვაში წყალქვეშა კაბელების გაყვანისა და ტექნიკური მომსახურების თავისუფლებას, თუმცა მონტროს კონვენციის შეზღუდვებმა იმ სამხედრო და ტექნიკურ გემებზე, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შავი ზღვის ქვეყნებს, შესაძლოა შეანელოს სარემონტო სამუშაოები სამხედრო ესკალაციის დროს – ხოლო ფარული საბოტაჟის ავტორების დადგენა საერთაშორისო სამართლით საკმაოდ რთულია.

მდგრადობის შენარჩუნების სამი ბოძი

ჩვენ რეგიონისთვის სამი ძირითადი მიმართულება შევთავაზეთ:

  1. დივერსიფიკაცია (Diversify): წყალქვეშა კაბელების, თურქეთის გავლით არსებული სამხრეთის სახმელეთო დერეფნისა და LEO თანამგზავრული ქსელების (როგორებიცაა Starlink და OneWeb) სინქრონიზაცია.
  2. ალიანსი (Ally): შავი ზღვის ციფრული უსაფრთხოების ალიანსი ერთობლივი საზღვაო მონიტორინგისა და კიბერინციდენტების შესახებ ინფორმაციის გასაზიარებლად.
  3. ლოკალიზაცია (Localize): რეგიონული სუვერენული ღრუბლოვანი (cloud) და მონაცემთა ქეშირების ინფრასტრუქტურა, რათა აუზის ქვეყნებმა შეინარჩუნონ გარკვეული ციფრული ავტონომია ხანგრძლივი გათიშვის პირობებშიც კი.


რა არის შემდეგი ნაბიჯი

ეს ბრიფინგი მხოლოდ ერთი ეტაპია 24-თვიანი კვლევითი პროგრამისა. ICANN-ის გრანტის ფარგლებში ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ სამი სამეცნიერო სტატია, ორი მიღებულია დასაბეჭდად, ხოლო ერთი რეცენზირების პროცესშია — ისინი ფარავს ყველაფერს, წესებზე დაფუძნებული IP ფრაგმენტაციის დეტექციიდან დაწყებული, RAITM მმართველობის ფორმალური მოდელით დამთავრებული. ამჟამად მზადდება სრული წერილობითი ანგარიში.

ჩვენ ასევე გავხსენით კითხვარი იმ დაინტერესებული მხარეებისთვის, რომლებიც შემოგვიერთდნენ და ჩართულები არიან როგორც ფრაგმენტაციის კვლევის მიმართულებით, ასევე აღნიშნული საკითხი შესაძლოა წარმოადგენდეს მათთვის მნიშვნელოვან პროცესს. მისი მთავარი მიზანია შეფერხების სამივე სცენარის ვალიდაცია რეალურ ოპერაციულ გამოცდილებასთან შედარებით. თუ თქვენ მუშაობთ ISP ოპერაციების, რეგულირების ან რეგიონული კიბერუსაფრთხოების სფეროში და გსურთ თქვენი წვლილი შეიტანოთ ანგარიშის საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე, დაგვიკავშირდით.

Subscribe to Your Cyber News

Subscribe to Your Cyber News

Toggle Dark Mode
ka_GEGeorgian