SCSA-სთვის ყოველთვის განსაკუთრებული სიამაყეა, როცა ჩვენი სტუდენტები ცოდნას რეალურ პროდუქტად აქცევენ. დღეს გვინდა გაგაცნოთ შოთა მამისაშვილის პროექტი – Iriszip, ბრაუზერზე დაფუძნებული ფაილების გადაცემის ინსტრუმენტი, რომელიც უსაფრთხოებას დიზაინის დონეზე ითვალისწინებს.
რა არის Iriszip?
იდეა მარტივი პრობლემიდან დაიბადა: ორ მოწყობილობას შორის ფაილის გადატანა აპლიკაციის დაყენების, ანგარიშის შექმნისა და კონკრეტულ ეკოსისტემაზე მიბმის გარეშე.
დღეს iriszip.com –ზე საკმარისია მხოლოდ გვერდის ორ მოწყობილობაზე გახსნა და მათი დაწყვილება 9-ნიშნა კოდით ან QR-კოდით. თუ ორივე მოწყობილობა ერთ ქსელშია, ფაილები პირდაპირ ადგილობრივ ქსელში მოძრაობს; სხვა შემთხვევაში სისტემა პირდაპირ P2P კავშირს ცდილობს და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში იყენებს relay სერვერს, რომელიც მხოლოდ დაშიფრულ ბაიტებს ხედავს. მონაცემები არსად ინახება – სესიის დასრულებისთანავე ისინი ქრება. ფაილებთან ერთად ტექსტის გაგზავნაც შესაძლებელია.
უსაფრთხოება, როგორც არქიტექტურის ნაწილი
პროექტის განვითარებასთან ერთად უსაფრთხოების კომპონენტი მისი მთავარი ღირებულება გახდა:
- დაწყვილება აგებულია SPAKE2 პროტოკოლზე სრული 9-ნიშნა კოდით, რომლის 3 ციფრი ბრაუზერში იქმნება და სერვერს არასდროს აღწევს.
- სესიის გასაღები აერთიანებს კლასიკურ X25519-ს და post-quantum ML-KEM-768-ს HKDF-SHA-256-ის მეშვეობით – ე.წ. ჰიბრიდული მიდგომა, რომელიც კვანტური კომპიუტერების ეპოქისთვისაც ამზადებს პროტოკოლს.
- მონაცემები იშიფრება ChaCha20-Poly1305 ალგორითმით.
SCSA-ს როლი: დამოუკიდებელი კრიპტოანალიზი
SCSA-მ პროექტის კრიპტოგრაფიული პროტოკოლის დიზაინს ჩაუტარა დამოუკიდებელი cryptanalysis და protocol security assessment. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შეფასება ეხება პროტოკოლის დიზაინს და არა იმპლემენტაციას — საჯარო სერტიფიკატში ზუსტადაა ჩამოთვლილი, თუ რა უსაფრთხოების საკითხები შემოწმდა და რა დარჩა შემოწმების მიღმა. სწორედ ასეთი გამჭვირვალობაა პასუხისმგებლიანი უსაფრთხოების კულტურის საფუძველი, რომელსაც ჩვენს სტუდენტებს ვასწავლით.
ღია და გადამოწმებადი
Iriszip არის დამოუკიდებელი, სრულად open-source პროექტი: გამოყენება უფასოა, ანგარიშს არ ითხოვს და სურვილის შემთხვევაში საკუთარი ინფრასტრუქტურითაც შეიძლება მისი გაშვება. საიტზე გაშვებული კოდი რეპოზიტორიას ბაიტობრივად ემთხვევა — და ამის გადამოწმება ნებისმიერს შეუძლია.
გილოცავთ შოთას ამ მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებას პროექტის შემდგომი განვითარების პროცესშ! ასეთი პროექტები ზუსტად ის შედეგია, რისთვისაც SCSA-ში ვმუშაობთ — ცოდნა, რომელიც პრაქტიკად იქცევა.
🔗 iriszip.com 🔗 github.com/iris-zip/iris
