Erasmus Plus-ის გამარჯვებული პროექტის „Security Education Center for Unified Resilience and Effective Communications (SECURE)“ ფარგლებში საქართველოს 3 უნივერსიტეტში შეიქმნება სამი ლაბორატორია – რეგიონში ყველაზე მასშტაბური კვანტური ლაბორატორია, AI/ML ლაბი, 5G/6G ქსელების კვლევითი ლაბორატორია. ლაბორატორიის შექმნის და მუშაობის ფარგლებში მკვლევრები და პერსონალი იმუშავებენ უსაფრთხოების მიმართულებით სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევების და საგანმანათლებლო კურსების განვითარებაზე. ლაბორატორიები ერთმანეთთან იქნებიან დაკავშირებული და მოხდება შესაბამისი კოორდინაცია. ევროკავშირის მხრიდან მონაწილე კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტები მხარდაჭერას გაუწევენ ადგილობრივ უნივერსიტეტებს და აქტიურად იქნებიან ჩართულები როგორც ლაბორატორიების შექმნის, ასევე კვლევით პროცესში.
პროექტის კოორდინატორია ავეიროს უნივერსიტეტი (პორტუგალია), ხოლო საქართველოში კოორდინატორობას გაუწევს კავკასიის უნივერსიტეტი.
საქართველოდან პროექტში ჩართულია კავკასიის უნივერსიტეტი, როგორც პროექტის კოორდინატორი საქართველოში, რომლის ბაზაზე შეიქმნება რეგიონში ყველაზე დიდი კვანტური ლაბორატორია. ამასთანავე, კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ჩართული გუნდი პასუხისმგებელი იქნება კვანტური და პოსტ-კვანტური უსაფრთხოების კურსის განვითარებასა და საქართველოში შესაბამის საკითხების კვლევაზე.
პროექტის ხელმძღვანელია პროფესორი მაქსიმ იავიჩი. პროექტში ასევე ჩართულები არიან: გიორგი ახალაია, არჩილ შენგელია, სერგო სიმონოვი, აკაკი კაპანაძე, ოკსანა კოვალჩუკი.
სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია, ინტერნეტის განვითარების ინიციატივასთან, შპს ინტეგრასას და NGS ჯგუფთან ერთად არის პროექტის პარტნიორი.
პროექტში, როგორც ბენეფიციარი, ჩართულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც შეიქმნება 5G/6G ლაბორატორია. პროექტის ბენეფიციარია ასევე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის ბაზაზეც უნდა შეიქმნას AI/ML უსაფრთხოების ლაბორატორია.
პროექტის საერთაშორის პარტნიორები არიან: Universidade de Aveiro (პორტუგალია), Kaunas University of Technology (ლიტვა), University of Valladolid (ესპანეთი).
უკრაინის მხრიდან პროექტში ჩართული იქნება: ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტი (პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი, 5G/6G ლაბორატორია); ხარკოვის რადიოელექტრონიკის ეროვნული უნივერსიტეტი (ბენეფიციარი, AI/ML ლაბორატორია); ჩერკასის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ბენეფიციარი, კვანტური ლაბორატორია).