კომპიუტერული მეცნიერების და კიბერ უსაფრთხოების უნივერსიტეტი არის ინოვაციური პროგრამა სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის. პროექტი ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტში. კომპიუტერული მეცნიერების და კიბერ უსაფრთხოების უნივერსიტეტის მიზანია საქართველოში კიბერ უსაფრთხოების მიმართულებების განვითარება, როგორც პრაქტიკული, ასევე სამეცნიერო კუთხით.
ამ მიზნის მისაღწევად, შეიქმნა კომპლექსური სასწავლო პროგრამა, რომელიც გათვლილია 30-მდე მსმენელზე. პროგრამის მონაწილეებს ჩაუტარებენ ლექციებს კიბერ უსაფრთხოების მიმართულებების წამყვანი ექსპერტები. შედეგად, მსმენელი მიიღებს ამ დარგის არა მხოლოდ ფუნდამენტალურ ცოდნას, არამედ რეალურად შეაფასებს დღეისთვის არსებულ გამოწვევებს.
კომპიუტერული მეცნიერების და კიბერ უსაფრთხოების საბავშვო უნივერსიტეტის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სავარჯიშოები, როლური თამაშები, ამოცანები, კიბერშეტევის გაანალიზება და სხვა აპრობირებული შესწავლის მეთოდები. მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება ამოხსნას ისეთი კიბერ უსაფრთხოების ამოცანები, რომლებიც ამ დროისთვის ბოლომდე ამოხსნილი არ არის და ჩაერთოთ კვლევის პროცესში.
პროექტის მონაწილეებს ასევე მიეცემათ საშუალება მიღებული ცოდნის საფუძველზე გააკეთონ საკუთარი ან ჯგუფური კვლევა, რომელიც გამოქვეყნდება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კიბერ უსაფრთხოების ჟურნალში SPCSJ.
პროექტის ფარგლებში ლექტორები და ტრენერები არიან საქართველოში კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ექსპერტი-პრაქტიკოსები, რომლებიც მოსწავლეებს გაუზიარებენ პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას კიბერ უსაფრთხოების ყველაზე აქტუალურ მიმართულებებში.
პროექტის სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ საგნებს:
– კომპიუტერული მათემატიკა
– კიბერ უსაფრთხოება
– Python პროგრამირება
– კრიპტოგრაფია