2024 წლის 26 დეკემბერს კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა რეგიონის ყველაზე მასშტაბურ და ამბიციურ ჰაკათონს. მასში მონაწილეობა მიიღო 70-ზე მეტმა მონაწილემ და გამოავლინა ჰაკერული უნარები.
SCSA-ს ორგანიზატორობით გამართულმა შეჯიბრებამ შეკრიბა საქართველოს საუკეთესო ჰაკერები და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები. საკმაოდ კონკურენტულ გარემოში, საკუთარი ტექნიკური უნარებისა და ცოდნის გამოყენებით მონაწილეებმა მოახერხეს SCSA-ს გუნდის მიერ სპეციალურად ჰაკათონისთვის შექმნილი მანქანების გატეხვა.
დასახელდა საუკეთესო ჰაკერი: ირაკლი ჩუბინიძე. გამარჯვებულს გადაეცა მთავარი პრიზი MSI gaming laptop.
შეჯიბრებაში მონაწილეობა იყო უფასო და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდა ნებისმიერ მსურველს კიბერუსაფრთხოების სფეროდან. ყველა კონკურსანტს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ღონისძიების მხარდაჭერები იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტი – Caucasus University, MSI, 2e gaming, ERC Distribution Georgia, Fortinet, Integra, Elcore GE და Alpha Distribution • ალფა დისტრიბუშენ. აღნიშნული კომპანიების წვლილი გამორჩეულად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების სფეროში ინოვაციების დანერგვასა და მხარდაჭერაში.
ამ ჰაკათონმა გამოავლინა საქართველოს საუკეთესო ტალანტები და, ასევე, რეგიონში მსგავსი ღონისძიებების ჩატარების ახალი სტანდარტი შექმნა. ასეთი შეჯიბრებები პროფესიონალი სპეციალისტების გამოცდილების დადასტურებასა და კიბერუსაფრთხოების დარგის განვითარებას ემსახურება.